ბარაკ ობამა…საპრეზიდენტო პროგრამით

დე ფაქტო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ბარაკ ობამამ, როგორც იქნა, წარმოგვიდგინა თავისი საგარეო პოლიტიკური პროგრამის საფუძვლები შემოკლებული ფორმით. სხვათა შორის, ამ საფუძვლებში შეტანილია ყველაფერი ის, რასაც ობამა ადრეც ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა ერთად აკინძული წარმოგვიდგინა. ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, რათა ამერიკის პარტნიორებს ჰქონოდათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ ”ახალი თეთრი სახლისგან” (ჯორჯ ბუშის შემყურე, მათ უკვე იციან, რასაც უნდა ელოდონ რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინისგან). ილინოისელი სენატორი ამ მოხსენების თეზისებით მომავალ კვირაში (21-27 ივლისს) ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. იგი ჯერ ერაყსა და ავღანეთში ჩავა,  ისრაელს, იორდანიას ესტუმრება, შემდეგ კი ბერლინს, ლონდონს, პარიზსა და რომს ეწვევა. ობამამ მისი პრეზიდენტობის ხუთი ამოცანა წარმოადგინა. ის, რისი გაკეთება სურს მას, შემოკლებული ფორმით ასე გამოიყურება: ომის შეწყვეტა ერაყში; ”ალ-ქაიდასთან” და თალიბანთან ომის ბოლომდე მიყვანა; ნავთობზე აშშ-ის დამოკიდებულების შეწყვეტა (უცხოურ მიწოდებაზე); გარანტირება იმისა, რომ ატომური იარაღი და მასალები არ მოხვდება ტერორისტებისა და საშიში ქვეყნების ხელში; ურთიერთობების აღდგენა აშშ-ის მოკავშირეებთან. ”როგორც პრეზიდენტი, მე გავატარებ ეროვნული უსაფრთხოების ხისტ, გონივრულ, პრინციპულ სტრატეგიას – მასში იგულისხმება ის, რომ ჩვენ ინტერესები გაგვაჩნია არა მარტო ბაღდადში, არამედ ყანდაგარშიც, ყარაჩშიც, ტოკიოსა და ლონდონშიც, პეკინსა და ბერლინშიც”.

პრინციპში, ამ პროგრამაზე შეიძლება ხელი მოეწერა აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტს – რეიგანიდან ბუშამდე, რადგან, ბოლოს და ბოლოს, არავის დაუწყია იმის მტკიცება, რომ ომი ერაყში ადრე თუ გვიან არ უნდა დამთავრდეს, რაც შეეხება ყველა დანარჩენ მიზნებს – მათზე უფრო კეთილშობილურს ვერც კი მოიფიქრებ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 46 წლის სენატორმა თავისი სიტყვა რონალდ რეიგანის სახელობის ვაშინგტონის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში წარმოთქვა (რონს რომ ეს მოესმინა, განსაკუთრებით მისი ნაწილი ”აშშ-ის ინტერესების შესახებ” მთელ მსოფლიოში – სიხარულისგან ცას ეწეოდა!).

ობამა ყველაზე მეტს ერაყის შესახებ საუბრობდა. არა მარტო იმიტომ, რომ ეს  ყველაზე მტკივნეული გარეგანი გამაღიზიანებელია ამერიკელებისთვის. ობამას მგზავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა სწორედ ბაღდადში ჩასვლას და ”ერაყული კურსის” განხილვას ამერიკის სამხედრო ძალების მეთაურთან, გენერალ დევიდ პეტრეუსთან. ეს უბრალო ”ოთხვარსკვლავიანი” ამერიკელი გენერალი არ გახლავთ. იგი მხოლოდ გასულ კვირას დაამტკიცა კონგრესმა აშშ-ის ცენტრალური ჯარების სარდლის პოსტზე (პასუხისმგებლობის ამ რაიონში აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია შედიან). ანუ იგი აშშ-ის ”სამხედრო ხელით” მსოფლიოს ყველაზე უფრო მღელვარე რეგიონს ხელმძღვანელობს. პეტრეუსი  საოცარი პოპულარობით სარგებლობს ჯარში და, ერაყში ამასწინანდელი წარმატებების შემდეგ, ასევე ამერიკელებს შორისაც. ბევრი მას მომავალში ეიზენჰაუერის კარიერის გამეორებასაც უწინასწარმეტყველებს. ასეთ გენერლებთან ხუმრობა საშიშია.

გენერალი ერაყიდან ჯარების ”ნაადრევად” გაყვანას არ ემხრობა და ის, თუ როგორ მიიღებს იგი ობამას ”ერაყულ პოზიციას” და რას იტყვის მასზე, ძალზე დიდ გავლენას იქონიებს ამერიკელების გადაწყვეტილებაზე – ვის მისცენ ხმა ნოემბრის არჩევნებში. ამიტომ ობამა ძალზე ფრთხილობდა სიტყვით გამოსვლისას, როცა ერაყში სამხედრო ყოფნის თანდათანობით შემცირებაზე საუბრობდა. ეს იქნება ”ტაქტიკური კორექტირება სამხედრო ხელმძღვანელობის რეკომენდაციების საფუძველზე”. ეს  უკვე პოზიციის მოდიფიკაციაა.

მას განზრახული აქვს ”ტერორიზმთან ომის ცენტრალური ფრონტი” გადაიტანოს ერაყიდან ავღანეთში და ერაყიდან ამერიკის სამხედრო კონტინგენტის გადაყვანა  მომავალი 16 თვის მანძილზე განახორციელოს. მართალია, იქ ”გარკვეული სამხედრო კონტინგენტი” დარჩება დიპლომატების, საელჩოებისა და დანარჩენი ”სხვა მიზნების” დასაცავად. ავღანეთში კი აშშ-ის რამდენიმე ბრიგადას გადაისვრიან, რათა უფრო ენერგიულად დაიწყონ და დაამთავრონ ომი ”ალ-ქაიდას” წინააღმდეგ.

რუსეთთან დაკავშირებული თეზისების ნაწილი ისეთივე დეკლარაციული იყო, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის რიგით პრეს-რელიზებში. თუმცა, ობამამ  თავისი მოწინააღმდეგე ჯონ მაკკეინი გააკრიტიკა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს არ სურს რუსეთი ”დიდ რვიანში” იხილოს. მაგრამ ამას მაკკეინი შუალედური არჩევნების დროს ამბობდა. ამერიკაში კი შუალედური არჩევნები ძალზე განსხვავდება საერთო ეროვნული არჩევნებისგან.

ამერიკის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სავსებით პროგნოზირებადი და გასაგები მეტამორფოზები ემართებათ ხოლმე. პირველად არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისინი მთლიან ფერს თუ არა, შეფერილობის ტონალობას მაინც იცვლიან. საიდუმლო ძალზე მარტივია: მათ primaries-ში პარტიული ბირთვის აქტივისტების ხმების მოპოვება ესაჭიროებათ. დემოკრატებში ასეთები ყოველთვის მემარცხენე ლიბერლიზმისკენ იხრებიან ხოლმე, რესპუბლიკელებში კი – მძიმე კონსერვატიზმისკენ. მაგრამ ”შუალედურ გარბენებში” გამარჯვების შემდეგ მთელი ამერიკის ხმებისთვის უწევთ ბრძოლა. ამიტომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც იწყებენ ჩვეულ მოძრაობას ”კიდეებიდან” ცენტრისკენ. მათი პოზიციები, მათ შორის საგარეოპოლიტიკურიც, თანაბრდება, მოდიფიცირდება და, ბუნებრივია, ერთმანეთს უახლოვდება. ”ობამას მოდიფიკაცია” სწორედ ასეთი მეტამორფოზის უჩინარ ფარგლებში ხდება.

უცნაურია, მაგრამ როცა ცდილობენ გამოიცნონ ის, თუ რითი მივა (თუ მივა) თეთრ სახლში ბარაკ ობამა, ბევრი ისეთივე შეცდომას უშვებს, როგორსაც დასავლეთი დმიტრი მედვედევის შესაძლო საგარეო პოლიტიკის შეფასების მცდელობისას: იგი რატომღაც კარდინალურად განსხვავებული უნდა გახდეს. თითქმის იგივე ხდება ობამასთან დაკავშირებითაც. ჩვეულებრივ, მსგავს სპეკულაციურ სავარჯიშოებში  მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე, რომ მემკვიდრეობითობა ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და ინტერესებში არავის გაუუქმებია. საერთოდ, იმისათვის, რომ სულ სხვა მხრისკენ შეატრიალო ამერიკა, განსაკუთრებით დღევანდელი ამერიკა, რომელიც ამჟამად ძალზე ძლიერად არის მიბმული ერაყთან, ავღანეთთან, ბირთვულ პრობლემაზე ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემების მშენებლობასთან ევროპაში, ტერორიზმთან ბრძოლასთან, გაძლიერებულ (ამერიკაში ამჯობინებენ ტერმინს ”სულ უფრო დიდგულა”) რუსეთთან დაპირისპირებასთან და სხვ. – ძალზე სერიოზული სამედიცინო გადახრები უნდა გქონდეს. ბარაკ ობამასთვის კი ასეთი რამ დღემდე, თითქოს, არავის შეუმჩნევია.

პრინციპში, პოზიციების ასეთი დაახლოება საკმაოდ ცუდია ობამასთვის. სხვაობა მის და მაკკეინის პოპულარობას შორის ისედაც მცირდება. რეიტერ/ზოგბის ინდექსის ბოლო მონაცემებით, ობამას ამერიკელთა 47%-მა დაუჭირა მხარი, მაკკეინს – 40%-მა. მაგრამ ობამას მხარეზეა ”კოჭლი” ამერიკული ეკონომიკა. იურისპრუდენციაში არსებობს ტერმინი ”ეჭვის უპირატესობა”, როცა ეჭვი ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობაში განსასჯელის სასარგებლოდ განიმარტება. ბარაკ ობამას ”დაქვეითების უპირატესობა” აქვს. ეკონომიკურ დაქვეითებას ან, თუ გნებავთ, ქაოსს, ამერიკას არჩევნების წელს რომ ატყდება ხოლმე თავს, ძალზე ხშირად თეთრი სახლიდან ერთი პარტია გამოუძევებია და მის ადგილზე მეორე პარტია დაუსვამს. ასე დაემართა კენედის 1968 წელს, კარტერს – 1976 წელს, რეიგანს – 1980-ში და კლინტონს – 1994 წელს.

დატოვე კომენტარი

Filed under საინტერესო Online, სიახლე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s